თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. „სასამართლო მრჩევლის პროგრამის“ ფარგლებში მიღწეულია ბევრი წარმატება და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ პროგრამა განვაგრძოთ, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პროგრამის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ.
მისი თქმით, პროგრამის იდეა, რომელიც ორი ქვეყნის მოსამართლეების თანამშრომლობისკენ იყო მიმართული, ქართველი მოსამართლეების ინდივიდუალური პოტენციალის გაზრდა იყო. სწორედ ამ მიზნით გაიგზავნა საქართველოდან აშშ-ში სასწავლო ვიზიტით 50 მოსამართლე, რომლებმაც შტატებში მართლმსაჯულების აღსრულებაზე დაკვირვებით დიდი გამოცდილება შეიძინეს.
„ჩვენ გვყავდა 50 ქართველი მოსამართლე, რომლებსაც ჰქონდათ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლის შესაძლებლობა, რათა შეხვედროდნენ ამერიკელ მოსამართლეებს, დასწრებოდნენ სასამართლო პროცესებს, ენახათ ნაფიც მსაჯულთა ჟიურის შერჩევის პროცესი და მრავალი სხვა გამოცდილება მიეღოთ“, – განაცხადა ელჩმა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, პროგრამის განხორციელებას პანდემიამაც კი ვერ შეუშალა ხელი და მის ფარგლებში საქართველოს უკვე ცხრა ამერიკელი მოსამართლე ეწვია.
„ეს იყო საკმაოდ დიდი მიღწევა, რომ ეხილათ, თუ როგორ მართავენ მოსამართლეები სასამართლო სხდომებს საქართველოში. ჩვენ გვყავს ათასობით მოსამართლე და პრაქტიკოსი იურისტი, რომლებმაც გაიარეს მომზადება სხვადასხა ტრენინგის ფარგლებში, რომლებიც ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა დეგნანმა.
ელჩის აზრით, აუცილებელია, რომ პროგრამა გაგრძელდეს მოსამართლეების წინადადებების საფუძველზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა კუთხით მიაჩნიათ მათ აშშ-ის მხარდაჭერა ყველაზე სასარგებლოდ.
„სასამართლო მრჩევლის პროგრამა“ 2018 წლიდან ხორციელდება და მოსამართლეებს საშუალება აქვთ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დასავლური მართლმსაჯულების პრინციპებს გაეცნონ. პროგრამას სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) აფინანსებს.