თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებული კანონპროექტი გამორიცხავს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს, ნათქვამია ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელთა თანახმად, ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურაში სამოქალაქო სექტორი უშუალო მონაწილეობას მიიღებს.
ცვლილებებს მხარი დაუჭირა 88 კანონმდებელმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.
„წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების დარეგულირება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს“, – ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.
კანონპროექტის მოქმედი რედაქციის მხარდაჭერის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიეცემა შესაძლებლობა, კანონისგან განსხვავებულად განსაზღვროს კანდიდატის წარმდგენი სუბიექტების წრე, რაც შეკითხვებს წარმოშობს როგორც კანონის უზენაესობის, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, აღნიშნულია განცხადებაში.
„უმჯობესია მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხები და გარანტიები სწორედ კანონით იქნას დარეგულირებული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შედარებით მცირე მნიშვნელობის პროცედურული დეტალები განისაზღვროს“, – მიიჩნევს ომბუდსმენი.
კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნება ცხრაკაციანი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
პროექტის მიხედვით, კანდიდატებს სამუშაო ჯგუფი შეაფასებს და მხოლოდ ამის შემდეგ წარედგინება ისინი პარლამენტს. წარდგენილ კანდიდატთა საერთო რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ შვიდი, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კანდიდატების მრავალფეროვნებას.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს.
აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს, წარადგინოს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას აზრი „სასამართლოს მეგობრის“ სახით კონკრეტულ პროცესზე, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და სხვ.