თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სენსაციური აღმოჩენა გააკეთა – სოფელ ოროზმანში 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბის კბილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
ექსპედიციის ხელმძღვანელმა გიორგი ბიძინაშვილმა განაცხადა, რომ ამიერიდან უკვე ცნობილ დმანისთან ერთად მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე ახალი წერტილი გაჩნდა – ოროზმანი.
„იგივე ასაკის არიან ეს ადამიანები, რა ასაკისაც არიან ჩვენი ცნობილი ზეზვა და მზია, პირველი ევროპელები. და აქ ვიპოვეთ, შეგვიძლია უხეშად ვთქვათ, მათი ბიძაშვილის, ოროზმანელი ბიძაშვილის კბილი, რამაც მთლიანად შეცვალა წარმოდგენა საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ევრაზიელების, უძველესი ევრაზიელი ჰომინიდების გავრცელების შესახებ“, – განაცხადა ბიძინაშვილმა.
მისი თქმით, ეს აღმოჩენა გამოიწვევს სამეცნიერო ინტერესის გაღვივებას საქართველოსა და კავკასიის მიმართ. მეტიც, ექსპედიციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ოროზმანი შევა მეცნიერების სამაგიდო წიგნებში, როგორც „უძველესი ევრაზიელების დასახლების წერტილი".
ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები.
წყარო - ტელეარხი „ფორმულა“