დუისელი გოგოს ამბავი - როცა ცხოვრება ფილმს ჰგავს

ქორეოგრაფ ნაზი გაურგაშვილის ცხოვრება დიდ და საინტერესო ფილმს ჰგავს. პანკისის ხეობაში მცხოვრებმა გარეგნობით გამორჩეულმა 13 წლის გოგომ ცნობილი რეჟისორების ყურადღება მიიქცია.
Sputnik
დღეს სიამაყით იხსენებს იმას, რომ ოდესღაც ურთიერთობდა ისეთ ხელოვანებთან, როგორებიც იყვნენ გიორგი შენგელაია, თენგიზ არჩვაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ლია ელიავა, ნანა მჭედლიძე, გია ფერაძე, სოფიკო ჭიაურელი, გურამ ფირცხალავა...
იმ ძველ ამბებს სიხარულით უყვება დუისში მცხოვრებ მოზარდებს, ვისთვისაც თავის დროზე ქორეოგრაფიული სტუდია და თეატრალური წრე დააარსა.
ნაზი გაურგაშვილი მეგობართან ერთად
- ქალბატონო ნაზი, თავიდან მინდა გაიხსენოთ ის დრო, როდესაც მერვე კლასელმა გოგომ რეჟისორ ლია ელიავას ყურადღება მიიქცია, როგორ მოხდა ეს?
- მაშინ რაიონში ტარდებოდა ოლიმპიადები, რომელზეც მე და ჩემი დები ყოველთვის გამოვდიოდით, ვცეკვავდით და ვმღეროდით. სწორედ იქ შენიშნეს ჩემი და, ჩაიწერეს მისი სახელი, გვარი და მისამართი, მაგრამ როცა მე დამინახეს, არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. მერვე კლასში რომ ვიყავი, ჩვენს რაიონში ჩამოვიდა რეჟისორი ლია ელიავა, რომელიც თავისი ფილმისთვის „ფერმა მთაში“ მთავარი გმირის, ლელას შემსრულებელს ეძებდა. რეჟისორმა იმ როლისთვის მე შემარჩია.
ნაზი გაურგაშვილი, კადრი ფილმიდან „ფერმა მთაში“
- ფილმში არის ეპიზოდი, სადაც გარმონზე მღერით. თავად ასრულებთ სიმღერას?
- არა, სინამდვილეში იმ სიმღერას ლელა თათარაიძე ასრულებს. ამ კადრის გადაღების პირველ დღეს ვერ ვიმღერე, რამდენიმე დუბლი გადავიღეთ და არაფერი გამოვიდა. შემდეგ მსახიობები გვერდით დამისხდნენ, მასპინძელმა ადგილობრივი კერძი ხაჭო-ერბო მოიტანა და ჩვენ შორის უშუალო, თბილი საუბარი გაიმართა. ამის მერე გავიხსენი და ყველაფერი კარგად გამომივიდა.
ნაზი გაურგაშვილი
- ფილმში არაჩვეულებრივი პარტნიორები გყავდათ...
- ფილმში დედის როლში ზინაიდა კვერენჩხილაძეა, ხოლო მამის როლს თენგიზ არჩვაძე ასრულებს. „ფერმა მთაში“ ოჯახზეა, რომლის წევრი მეც ვარ. აქ სასიყვარულო თემაცაა, მწყემს ბიჭს და მე ერთმანეთი მოგვეწონება. ამავე პერიოდში გავიცანი რეჟისორი რეზო გაბრიაძე, რომელიც თენგიზ მირზაშვილთან მეგობრობდა. ცნობილი ხელოვანი იმ ფილმის მხატვარი იყო.
ნაზი გაურგაშვილი და სანდრო შენგელაია - გიორგი შენგელაიას და სოფიკო ჭიაურელის ვაჟი
- თქვენი მეგობრობა ფილმის გადაღების მერეც თუ გაგრძელდა?
- დიახ, რეზო გაბრიაძე და ჩუფჩიკა ალვანში ხშირად ჩამოდიოდნენ. არ არსებობდა, რომ აქ ჩამოსულებს მე არ ვენახე. ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით, ვმეგობროდით. სტუდენტობის პერიოდში ჩუფჩიკასთან ყოველ კვირა დავდიოდი. მასთან სტუმრობა ძალიან მიყვარდა, ერთი სიამოვნება იყო, როდესაც ხატვის დროს თვალს ვადევნებდი. მთელი კედლები ნახატებით ჰქონდა სავსე და ხატვის გარეშე წუთი ვერ ჩერდებოდა.
ნაზი გაურგაშვილი ფილმში „ქვიშანი დარჩებიან“
- მორიგ ფილმზე გიორგი შენგელაიამ მიგიწვიათ...
- დიახ, როცა მეათე კლასში ვიყავი, გიორგი შენგელაიამ მიმიწვია ფილმში „ქვიშანი დარჩებიან“. იქ მთავარი როლები ჰქონდათ გურამ ფირცხალავას, სოფიკო ჭიაურელს, მერაბ ელიოზიშვილს და სხვებს. საინტერესო ფილმი გამოვიდა. ამას მოჰყვა ნანა მჭედლიძის ფილმი „გასერნება თბილისში“, რომელიც ნოველებისგან შედგება. მე გადამიღეს ნოველაში, რომელსაც „ბიძია მალხაზი“ ჰქვია. მთავარ როლში გია ფერაძე იყო. ამას მოჰყვა ეპიზოდური როლები ლეილა აბაშიძის ფილმში „თბილისი-პარიზი-თბილისი“, „გვადი ბიგვაში“, სადაც კურსელებთან ერთად ვიცეკვე. შემდეგ გადაღებაზე კრასნოდარშიც მიმიწვიეს, მაგრამ იქ აღარ გამიშვეს.
ნაზი გაურგაშვილი
- თქვენს ძირითად პროფესიას რომ დავუბრუნდეთ, როგორც ქორეოგრაფი სად მუშაობთ?
- ახლა დუისის კულტურის სახლში ქორეოგრაფად და კულტურის სფეროს სპეციალისტად წლების განმავლობაში ვმუშაობ. ჩვენ სულში და სისხლში გვაქვს ცეკვის სიყვარული, აქაური პატარა ბავშვიც რომ გაიყვანო სცენაზე, ისიც იცეკვებს. აქ გახსნილი გვაქვს ცეკვის ჯგუფიც, რომელსაც კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. თუ მკითხავთ, რომელია ჩემი საყვარელი ცეკვა, გიპასუხებთ, ეს „მთიულურია“, რადგან ამ ცეკვაში მთაში მცხოვრები ადამიანის ხასიათი და ლაღი ბუნება ყველაზე კარგად ჩანს. დარწმუნებული ვარ, კარგ ქართულ საქმეს ვაკეთებთ, რადგან ნაციონალური ცეკვა არ უნდა დაიკარგოს და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ.
ნინო მამულაშვილი