მსოფლიო დღეს

ჩაიხედეთ პლანეტების წარსულსა და მომავალში: NASA-მ ახალი სერვისი აამოქმედა

Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი − Sputnik. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ აამოქმედა სერვისი, რომელიც მზის სისტემის თითოეული პლანეტის წარსულსა და მომავალს აჩვენებს − 1950-დან 2050 წლამდე.
საუბარია მზის სისტემის ინტერაქტიული რუკა Eyes on the Solar System-ის ახალ ვერსიაზე, რომელიც, გარდა პლანეტებისა, ასევე იძლევა მთვარის, ასტეროიდების, კომეტებისა და კოსმოსური ხომალდების შესწავლის საშუალებას ასწლიან პერიოდში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუკა დაგეხმარებათ ჩაიხედოთ წარსულსა და მომავალში.
ახალი სერვისი ხელმისაწვდომია საიტზე NASA's Eyes.
იმისათვის, რომ თქვენთვის საინტერესო ობიექტის შესახებ მონაცემები იხილოთ, საკმარისია უბრალოდ აირჩიოთ ის, შემდეგ კი დრო „გადაახვიოთ“ − უკან ან წინ.
ამასთან სერვისს, სხვა გაუმჯობესებულ ელემენებთან ერთად, დაემატა „ტელესკოპის რეჟიმი“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პლანეტაზე „დაშვებას“ და მისი ზედაპირიდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დანახვას შეძლებთ.
აღსანიშნავია, რომ ინტერაქტიული რუკის პირველი ვერსია NASA-მ 2010 წელს გამოუშვა NASA's Eyes Visualisation-ის ცალკე დანართის სახით.