შსს ნარკორეიდის შედეგებს აქვეყნებს: ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 16 პირი - ვიდეო

სპეცოპერაციაში ჩართული იყვნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულებისთვის 16 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
დაკავებულთაგან 10 პირი წარსულში ნასამართლევია.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაცია და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელსაც ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მცდელობაში.
დაკავებულთა ასაკი 22-დან 65 წლამდე მერყეობს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ბრალდებულების მიერ ნარკორეალიზაციისთვის გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ ნარკოტიკებს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ფოტოგადაღებას ახდენდნენ.
პოლიციამ ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკები.
დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: 626 აბი „სუბოტექსი", 220 აბი „მეტადონი", 150 გრამი კოკაინი, 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „სირეცი”, 565 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი", ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შემცველი 418 აბი, 195 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA და ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდი" (LSD).
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს