როგორ გააგრძელებს მუშაობას დაზვერვის სამსახური: პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით პრემიერ-მინისტრის როლი იზრდება.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტების პაკეტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ცვლილებების მიღება განპირობებულია კანონმდებლობის სრულყოფის და კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროებით, ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებების თანახმად, დაზვერვის სამსახური ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკების დაწყებას მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეძლებს, რომელიც არის დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე ოფიციალური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი.
ამასთან, დაზვერვის სამსახურის უფროსს მოეთხოვება საქართველოს მთავრობის მეთაურს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ეს, კანონპროექტის ავტორების თქმით, ხელს შეუწყობს სამსახურის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაზრდას.
სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციების განმახორციელებელ ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნა, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურის თანამშრომელთა მივლინება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მათ აქვთ მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება დაზვერვის სამსახურის ანალიტიკურ ან ოპერატიულ ქვედანაყოფებში.
ცვლილებების ავტორების თქმით, ეს ხელს შეუწყობს სამსახურის საკადრო სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობას, ასევე სამსახურში კარიერული სისტემის განვითარებას.
ასევე, ცვლილებების მიხედვით, უქმდება წესი, რომლის მიხედვითაც დაზვერვის სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს პროკურატურა ახორციელებდა.
ცვლილებები ძალაში შევა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის და „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს