„ნეტფლიქსმა“ ნონა გაფრინდაშვილს ხუთი მილიონი გადაუხადა? - დავა დასრულებულია

ნონა გაფრინდაშვილმა და „ნეტფლიქსმა“ შეთანხმებას მიაღწიეს.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის დავა კომპანია Netflix-თან შეთანხმებით დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
„არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას“ – Netflix-ის პასუხი ნონა გაფრინდაშვილს
საქმე ეხება Netflix-ის მინი-სერიალს „ლაზიერის გამბიტი“ (The Queen’s Gambit – „დედოფლის სვლა“). სარჩელის თანახმად, მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მინი-სერიალი ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორ ინფორმაციას შეიცავს.
კერძოდ, ფილმში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაც მოჭადრაკეებთან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ, მრავალსერიანი ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში აღწერილია 1968 წლის მოვლენები, როდესაც გაფრინდაშვილს უკვე 59 მამაკაც მოჭადრაკესთან ჰქონდა თამაში გამართული. კიდევ ერთი უზუსტობა, რაც ფილმშია მოცემული, არის ის, რომ იგი მოხსენიებულია როგორც რუსი და არა ქართველი მოჭადრაკე. გაფრინდაშვილი Netflix-სგან კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს მოითხოვდა.
გაფრინდაშვილსა და Netflix-ს შორის მიღწეული შეთანხმების პირობები არ საჯაროვდება. „მხარეები კმაყოფილი არიან იმით, რომ საკითხი გადაწყდა“, – განაცხადა გაფრინდაშვილის ამერიკელმა უფლებადამცველმა.
ქართველმა მოჭადრაკემ Netflix-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა 2021 წელს დაიწყო. 2022 წლის იანვარში კალიფორნიის შტატის სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მაშინ იურიდიულმა კომპანია BLB-მ, რომელიც სასამართლოში მოჭადრაკის ინტერესებს წარმოადგენს, საქართველოს გაფრინდაშვილის კიდევ ერთი „ისტორიული გამარჯვება“ მიულოცა. Netflix-მა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამშაბათს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმე დაიხურა.
ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1976), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978), 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002). 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს