თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 164 ფაქტი გამოვლინდა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 114 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი უკანონო სახერხი საამქროების არსებობის და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 36 ფაქტი კახეთში გამოვლინა, იმერეთში დაფიქსირდა 21 სამართალდარღვევა, აჭარაში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 12, ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 5, სამეგრელო–ზემო სვანეთშიც – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4, გურიაში – 2, მცხეთა-მთიანეთშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690 კუბური მეტრი ხეტყე. დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი. ასევე ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, მათგან სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია იმერეთში, თითო-თითო კი შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელო–ზემო სვანეთში.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.