თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „წარსულის გამეორება“ უწოდა პარლამენტის მიერ ფარული თავალთვალის შესახებ კანონპროექტის მიღებას.
სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
„ეს არაა ევროპული მიმართულება, ეს წარსულის გამეორებაა, სადაც ვფიქრობთ, რომ ამას შეუძლია ჩვენი მმართველობის გაუმჯობესება. საბოლოო ჯამში ეს არ აუმჯობესებს ჩვენს მმართველობას და ეს ისაა, რასაც ჩვენ, შესაძლოა, ძალიან გვიან ვიგებთ", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ვენეციის კომისიამ აგვისტოს ბოლოს წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.
ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.
ვენეციის კომისის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.