თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. ქართველი მილიარდერის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უსამართლოა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრინციპებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
მანამდე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა შეიყვანა.
„ადამიანებს არ ასანქცირებენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის. თუ ვინმე განიხილავს ასეთ სანქციებს, ეს არის უსამართლო და წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო პრინციპებთან, რომლის დამცველიც არის საქართველო“, - განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.
ამასთან, ვიცე-სპიკერმა აბსურდული უწოდა ოპოზიციის საუბრებს სანქციების შესახებ. თალაკვაძის თქმით, საუბარს სანქციების შესახებ აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ეს სამართლიანია.
„ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით სანქციებზე განუწყვეტლივ ლაპარაკობს ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მათ ძალიან უნდათ, რომ რაიმე ტიპის გამოხმაურება ჰქონდეთ მათ განცხადებებს, მაგრამ ფაქტია ის, რომ ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა „ნაციონალური მოძრაობის” მოძალადე ხელისუფლება. ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანას ჰქონოდა დემოკრატიული არჩევნები, ნორმალური სახელმწიფო ინსტიტუტები, მრავალპარტიული პარლამენტი, თავისუფალი მედია, საქართველოს მიეღო უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების ხელშეკრულება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, ლაპარაკია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე, სადაც ის „ერთადერთ ოლიგარქად“ არის მოხსენებული, „რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან“. ევროპული საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაა.
მანამდე ბიზნესმენის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ ივანიშვილს მშვიდი დამოკიდებულება აქვს მის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესების მიმართ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი პრაქტიკულად უკვე 4 მარტიდან გრძნობს სანქციებს, რადგან შვეიცარიული ბანკი საკუთარ ფულს არ აძლევს.
ბიძინა ივანიშვილი და Credit Suisse
მილიარდერისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ უკვე მრავალი წელია გრძელდება.
ერთ შემთხვევაში საუბარია თაღლითობის შედეგად მიყენებულ ზიანზე, მეორეში კი ტრასტებზე, რომლებმაც 4 მარტიდან მოთხოვნილი ტრანზაქციების განხორციელებაზე უარი განაცხადეს. ივანიშვილმა ტრასტის წინააღმდეგ სარჩელი მაისის დასაწყისში შეიტანა.
რუსეთში თავისი აქტივების ორ ეტაპად გაყიდვის შემდეგ (2005 და 2011 წლებში) ივანიშვილმა მიღებული სახსრები ბანკში განათავსა. 755 მლნ დოლარის ოდენობის დეპოზიტი ივანიშვილმა Credit Suisse Life-ის ოფისში შეიტანა ბერმუდის კუნძულებზე. ეს შენატანი „სადაზღვევო პრემიის“ სახით იყო და მასზე შვეიცარიული ბანკი იყო პასუხისმგებელი.
ივანიშვილმა 2015 წელს აღმოაჩინა, რომ მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მლნ დოლარი გაქრა თაღლითური ოპერაციების შედეგად.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.
Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.
ივანიშვილი VS ტრასტები
მაისის დასაწყისში ქართველმა მილიარდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს, რომელიც დააფუძნა შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse.
აღნიშნული ფინანსური აქტივები თავიდან Credit Suisse-ში იყო განთავსებული, თაღლითობის აღმოჩენის შემდეგ კი ივანიშვილმა მათი სხვა ბანკში გადატანა გადაწყვიტა. თუმცა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა და არსებობდა თანხის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების შეზღუდვა, აღნიშნული ფინანსური აქტივები კვლავ Green Vals Trust-ის მართვის ქვეშ დარჩა.
საუბარია სატრასტო კომპანიაზე, რომელიც კუნძულ გერნზის იურისდიქციაში შეიქმნა.
5 ივლისს Credit Suisse-მა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებამ თითქოსდა გარკვეული ვალდებულებები დააკისრა ბანკს და სატრასტო ფონდი სასამართლოს განკარგულების გარეშე გადახდებს აღარ განახორციელებს.