თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაორმაგებას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შსს-ს ინიციატივის თანახმად, სიჩქარის გადაჭარბებისთვის სანქციები მკაცრდება. კერძოდ, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ასევე დასჯადი იქნება ავტომობილის განზრახ მოცურება – ე.წ. დრიფტი.
„ჩვენ ამ მიმართულებით ადმინისტრაციულ ჯარიმებს ეტაპობრივად ვამკაცრებთ. იგეგმება კანონში მორიგი მსგავსი ცვლილებების შეტანა“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, კანონის გამკაცრება მიზნად ისახავს ქვეყანაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.
ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. 2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოში 3 ათასზე მეტი ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 170-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისათვის გზებზე 5.428 კამერაა დამონტაჟებული.
გარდა ამისა, საქართველოში მოქმედებს სიჩქარის კონტროლის სისტემა. ამჟამად ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს სიჩქარის კონტროლის 360 სექცია, რომლებიც 1,4 ათასი კილომეტრის გზებს ფარავს.
ე.წ. ჭკვიანი კამერებისა და სიჩქარის კონტროლის სექციების საშუალებით საქართველოს გზებზე ხორციელდება კონტროლი და სამართალდამრღვევების დაჯარიმება – ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტების წყალობით.