თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დელეგაციის მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 6 სექტემბერს დასრულდება, განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ რეგიონის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ როგოვმა.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, დარჩებიან თუ არა სადგურზე სააგენტოს წარმომადგენლები.
„დელეგაცია 5 სექტემბერს ჯერ ისევ მუშაობს, რის შემდეგაც მისია დასრულდება და 6 სექტემბერს წავლენ. <...> დარჩებიან თუ არა IAEA-ს წარმომადგენლები ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია“, − თქვა როგოვმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსული მხარე „სიტუაციის ობიექტური და დაბალანსებული შეფასებითაა დაინტერესებული“.
IAEA-ს მისია სააგენტოს დირექტორ რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით გასულ კვირაში ეწვია ატომურ ელექტროსადგურს. გროსის თქმით, სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ ვიზიტის შედეგების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს 6 სექტემბერს აცნობებს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. რუსი სამხედროები მას მარტიდან აკონტროლებენ. უკრაინული „ენერგოატომის“ განცხადებით, სადგურზე უკრაინული კომპანიის პერსონალი მუშაობს, თუმცა „ყველაფერი სამხედროებთან თანხმდება“, რომლებსაც კონსულტაციებს „როსატომის“ წარმომადგენლები უწევენ. აგვისტოს დასაწყისიდან სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია ხშირად იცხრილება. რუსული და უკრაინული მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.