თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მედიკოსები ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კორონავირუსს მართავენ როგორც ჩვეულებრივ რესპირაციულ ინფექციას, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 1.749.419 შემთხვევაა დაფიქსირებული. გასულ კვირაში ინფექცია 14.486-მა ადამიანმა დაამარცხა. ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა სამი პაციენტი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი 16.892.
„ჩვენ შევძელით მიგვეღწია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, ჩვენ შევძელით კოვიდის, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებმაც დროულად ჩაიტარეს ტესტი და მიიღეს პრეპარატი „პაქსლოვიდი“ ან „რემდესივირი“, არ გაუარესებულა, ასევე არ დაფიქსირებულა ლეტალობის შემთხვევები.
„ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულთა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად იგივეა, რაც გრიპის ეპიდემიის დროს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოში შემცირდა კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, რაც დადებითი ტენდენციაა.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კოვიდ-ავადმყოფების უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცულია. არცერთი ავადმყოფი არ რჩება მკურნალობის გარეშე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.