მსოფლიო დღეს

„სახელმწიფოს მტერია“ - რა ილაპარაკა ტრამპმა ჯო ბაიდენზე

ტრამპის თქმით, ბაიდენის გამოსვლა სიძულვილით და ღვარძლით იყო სავსე, მაგრამ მეორე დილით თავისი ნათქვამი აღარ ახსოვდა
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში მიტინგზე გამოსვლისას სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს ჯო ბაიდენს „სახელმწიფოს მტერი" უწოდა.
ეს სიტყვები იყო პასუხი ბაიდენის განცხადებაზე, რომელიც მან იმავე შტატში გააკეთა. პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ ტრამპი და რესპუბლიკელები მისი მოძრაობიდან America Great Again „წარმოადგენენ ექსტრემიზმს, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი რესპუბლიკის საფუძვლებს". მოგვიანებით ბაიდენმა განმარტა, რომ იგი არ მიიჩნევს „ტრამპის ყველა მხარდამჭერს ქვეყნისთვის საფრთხედ“.
„ის სახელმწიფოს მტერია... სახელმწიფოს მტერი არის ის და ის ჯგუფი, რომელიც მას აკონტროლებს, ტრიალებს მის გარშემო: „გააკეთე ეს, ჯო, გააკეთე ის, შენ შეგიძლია ამის გაკეთება, ჯო”, - განაცხადა ტრამპმა თავისი მხარდამჭერების აქციაზე.
მისი თქმით, ბაიდენის გამოსვლა სიძულვილითა და ღვარძლით იყო სავსე, მაგრამ მეორე დილით მას აღარ ახსოვდა რა ილაპარაკა.
ამასთან, ტრამპმა ვლადიმირ ლენინის ციტირება სცადა.
„მან თქვა: „ის, ვინც ითვლის ხმებს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანდიდატი." როგორც ჩანს, ეს სიმართლეა", - განაცხადა ტრამპმა.
ექს-პრეზიდენტს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ციტატა, რომელიც ორიგინალში ასე ჟღერდა: „სულ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ და როგორ მისცემს ხმას პარტიაში, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია ვინ და როგორ დათვლის ხმებს“. ამ ციტატას ხშირად იოსებ სტალინს მიაწერენ.
ტრამპი ამტკიცებს, რომ მაქინაციებმა, რომლებსაც თითქოს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეჯამებისას ჰქონდა ადგილი, მას მეორე საპრეზიდენტო ვადის გარეშე დატოვა, მაგრამ ამის დამტკიცება სასამართლოებში ვერ შეძლო.