თბილისი, 4 სექტემბერი- Sputnik. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლებიც მძღოლებისთვის ახალ აკრძალვებს და საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებას ითვალისწინებს - შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტი საპარლამენტო ბიუროს სხდომაზე 5 სექტემბერს განიხილება, იუწყება „პირველი არხი“.
დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება.
გარდა ამისა, აიკრძალება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება.
ცვლილებები ასევე ე.წ. დრიფტის აკრძალვას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში ჯარიმა 300-დან 500 ლარს შეადგენს - დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის ჯარიმა 100 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2.000 ლარის ოდენობით.
აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების გამოქვეყნების წესი, რომლითაც აღმოიფხვრება ჯარიმის შესახებ დადგენილების ჩაუბარებლობასთან დაკავშირებული პრობლემა.
ყველა ახალი დარღვევის გამო მძღოლებს ჯარიმების გადახდის გარდა, ქულებიც ჩამოეჭრებათ.
ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
2022 წლის პირველ კვარტალში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 74.875-მა მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 6 მძღოლს, ნათქვამია შსს-ს მასალებში.