ხანძრები საქართველოში: ბოლო ინფორმაცია

უკიდურესად მშრალი ამინდის გამო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ხანძრები გახშირდა
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ზემო სვანეთში, სოფელ ლატალში მთის ფერდობზე ხანძარია - სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სოფელ ლატალთან ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.
„მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის გამო სამაშველო მანქანებს ადგილზე მისვლა უჭირთ, ტექნიკით ვერ მიდიან, ცეცხლი ტყეში, მთის ფერდობზეა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, ჯერჯერობით რთული სათქმელია, ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული.
გარდა ამისა, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.
ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე.
რაც შეეხება ბორჯომში 19 აგვისტოს გაჩენილ ხანძარს, უწყების ცნობით, ამ დროისთვის ყველა კერა ლიკვიდირებულია, ადგილზე მხრჩოლავი კერების მონიტორინგი მიმდინარეობს. ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.
ბორჯომში რთული რელიეფისა და ამინდის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 250-მდე მეხანძრე-მაშველი და სამი ვერტმფრენი იყო ჩართული. ხანძრის ქრობაში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ.