უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 19 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს, იუწყება „პირველი არხი“.
გელა გოგია საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს.
სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს, შემდეგ სამხედროს ცხედარს მშობლიურ სენაკში გადაასვენებენ. მას სამშაბათს დაკრძალავენ.
გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. ბოლო წლებში უკრაინაში ცხოვრობდა. ქართველი მებრძოლი 26 აგვისტოს კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებების დროს მძიმედ დაიჭრა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 19 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
წყარო - „პირველი არხი“