თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უწყება კავშირშია მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის ჯგუფ „მაშინა ვრემენის“ თბილისური კონცერტების გაუქმებასთან, ყალბი უწოდა.
„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ზემოხსენებულ ხელოვანებს უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ძველი სპორტის სასახლე არ არის კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია და მრავალი წელია კერძო საკუთრებაშია. შესაბამისად, კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი „ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას“.
„რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს „ევრობასკეტს“. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ“, - აღნიშნეს სამინისტროში.
სპორტის სასახლეში კი განაცხადეს, რომ შენობაში „კონდიცირების, ვენტილაციის და სხვა ინფრასტრუქტურის პრობლემების გამო“ ღონისძიებები ორი თვით გაუქმდა. „პოლიტიკურ მოტივს გამოვრიცხავ“, - განაცხადა ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა მიხეილ ეძგვერაძემ.
სპორტის სასახლე თბილისის მერიას ეკუთვნის, მაგრამ მართვის უფლება 2007 წელს შპს „ლოგიკ ჯგუფს“ გადაეცა. კომპანიის მფლობელია ATLANTIC CHANNELS GEORGIA, ATLANTIC CHANNELS-ის შვილობილი, რომელიც აშშ-ის დელავერის შტატშია რეგისტრირებული.