ნაადრევი ინსულტი სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული: მეცნიერებმა სარისკო ტიპი დაადგინეს

Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა დაადგინეს, რომელი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები არიან მიდრეკილი იშემიური ინსულტისადმი 60 წლამდე. მათი ნაშრომი ჟურნალ Neurology-შია გამოქვეყნებული.
მეცნიერებმა 48 კვლევის მონაცემები გააანალიზეს, რომლებშიც თითქმის 600.000 ადამიანი მონაწილეობდა, და გაარკვიეს, რომ 60 წლამდე ინსულტის რისკი სისხლის II ჯგუფის მქონე ადამიანებს, სხვა ჯგუფებთან შედარებით, 16%-ით მეტი აქვთ, ხოლო I ჯგუფის სისხლის მქონეებს, პირიქით, 12%-ით ნაკლებად ემუქრებათ ადრეული ინსულტის განვითარების რისკი.

„მანამდე მიიჩნეოდა, რომ პირველი ჯგუფის გარდა, ნაადრევი ინსულტის გაზრდილი რისკი სხვა ნებისმიერი სისხლის ჯგუფის მქონეებს ემუქრებოდა. მაგრამ ჩვენი მეტაანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ ინსულტის რისკი ძირითადად სისხლის მეორე ჯგუფს უკავშირდება“, — განაცხადეს კვლევის ავტორებმა, პროფესორებმა ბრექსტონ მიტჩელმა და სტივენ კიტნერმა.

მათი თქმით, დიდი ალბათობით, ინსულტის მაღალ რისკებს სისხლის შედედების ფაქტორები და თრომბოზებისადმი მიდრეკილება განაპირობებს, რაც სწორედ სისხლის მეორე ჯგუფის ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.
თუმცა მკვლევარები იქვე აღნიშნავენ, რომ სისხლის ჯგუფი არ უნდა მივიჩნიოთ დაავადების გარდაუვალ მაჩვენებლად, ვინაიდან გამონაკლისი ყველა წესში არსებობს.
გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომ ამ ჯგუფის სისხლის მქონეები უფრო რთულად უმკლავდებიან სტრესებს და მიდრეკილები არიან ალკოჰოლიზმისადმი. როგორც კვლევები აჩვენებს, მათ ორგანიზმში სტრესის ჰორმონები — კორტიზოლი და ადრენალინი უფრო დიდი რაოდენობით გამომუშავდება. სწორედ ამიტომ ურჩევენ ექიმები მათ ისეთი მომადუნებელი აქტივობებით დაკავებას, როგორიცაა იოგა.