თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. არგენტინის ერთ-ერთ კერძო სამედიცინო ცენტრში ექიმი და მედდა უცნობი წარმოშობის პნევმონიით დაიღუპნენ, იტყობინება Todo Noticias-ი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სამედიცინო ცენტრ Luz Médica-ში მოხდა. რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანილი ექიმი პირველი გარდაიცვალა, რამდენიმე საათის შემდეგ კი 45 წლის მედდა დაიღუპა იგივე უცნობი დაავადებით.
აღინიშნება, რომ სულ ქვეყანაში უცნობი წარმოშობის პნევმონიის ექვსი შემთხვევაა დაფიქსირებული. ექვსივე პაციენტი (მათ შორის გარდაცვლილი ექიმი და მედდა) რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
თავდაპირველად ექიმები ვარაუდობდნენ, რომ პაციენტებს პნევმონია A ან B ტიპის გრიპის, ჰანტავირუსის ან COVID-19-ის გამო განუვითარდათ, მაგრამ შემდეგ ეს ვარიანტები გამოირიცხა.
როგორდ Luz Médica-ს დირექტორმა ალეხანდრო ლემბომ პრესკონფერენციაზე განმარტა, დაავადება შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ხასიათისა. დაავადებულებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ცხელება, ქოშინი და ხველა. ამასთან მათი მდგომარეობა გრიპით დაავადებულთა მდგომარეობის მსგავსია.
ამ დროისათვის ცენტრი, სადაც დაავადების გავრცელება მოხდა, კარანტინზეა გადაყვანილი მინიმუმ ერთი კვირით. თანამშრომლებმა გეგმიური სამედიცინო მომსახურება შეაჩერეს და მხოლოდ ვიდეოკონსულტაციებს იძლევიან.
წყარო: Todo Noticias