მსოფლიო დღეს

შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ცეცხლი წაუკიდა და მოკლა, რადგან მან ცოლობაზე უარი უთხრა: ვიდეო

Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცმა 19 წლის გოგონას ცეცხლი წაუკიდა მას შემდეგ, რაც მან ცოლობაზე უარი უთხრა, იუწყება Daily Mirror-ი.
შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა ინდოეთში.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდუს ანკიტა კუმარიზე შეყვარებულმა მუსლიმმა შაჰრუკ ჰუსეინმა გოგონას ოთახში შეაღწია, მძინარეს ნავთი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის პოლიციამ მაშინვე დაკითხა.

„ვიგრძენი ზურგის ტკივილი და დამწვრის სუნი. თვალები გავახილე და დავინახე, როგორ გაიქცა ის. ტკივილისგან ვიყვირე და მამაჩემის ოთახისკენ წავედი. მშობლებმა ცეცხლი ჩააქრეს და საავადმყოფოში წამომიყვანეს“, — უთხრა პოლიციას მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ანკიტა კუმარიმ.

აღმოჩნდა, რომ ჰუსეინი დიდი ხნის განმავლობაში დასდევდა გოგონას. სულ ბოლოს მან შემთხვევამდე ათიოდე დღით ადრე დაურეკა ანკიტას და დაემუქრა, რომ თუ არ დაელაპარაკებოდა, მოკლავდა. ქალმა მამას შესჩივლა აბეზარი თაყვანისმცემლის თაობაზე და მამაც დაჰპირდა, რომ ჯიუტი შეყვარებულის ოჯახს დაელაპარაკებოდა, მაგრამ ვერ მოასწრო.
შემთხვევიდან ხუთი დღის შემდეგ, 28 აგვისტოს კუმარი მძიმე დამწვრობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. შაჰრუკ ჰუსეინი და ასევე პირი, ვისგანაც მან ნავთი იყიდა, უკვე დაკავებული არიან.
ცნობილი ხდება ისიც, რომ დამნაშავის დაკავებისას გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების რისხვა გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ჰუსეინი, რომელიც ანკიტას დაღუპვიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს, კადრებში იღიმება.
ახლა ინდუისტური თემი ბრალდებულის სიკვდილით დასჯას მოითხოვს და ქუჩაში გამოსვლებით იმუქრება, თუ სასამართლო დროულად არ გამოიტანს სამართლიან განაჩენს.