თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. წელს „თბილისობის“ დღესასწაული 1-2 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ბოლო წლებში პანდემიის გამო არ ჩატარებულა, წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება.
„ეს დღესასწაული, რომელიც ჩვენი ქალაქის მრავალწლიანი ტრადიცია და მისი ცხოვრების ნაწილია, წელს ისევ გაიმართება… „თბილისობა“ იქნება ბევრად მასშტაბური და დატვირთული უამრავი სადღესასწაულო პროგრამით“, – განაცხადა კალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს, ტრადიციულად, რიყე და ლეღვთახევი უმასპინძლებენ. ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე.
„ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. გაიმართება სხვადასხვა ტიპის აქტივობები და კონცერტები მთელი დღის განმავლობაში“, – აღნიშნა მერმა.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.