თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიის მიზანია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული ავარიისგან დაცვა, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ სადგურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.
„ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს – სადგურის დაცვა ბირთვული ავარიისგან“, – განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა.
გროსის თქმით, „უნდა მოიძებნოს შესაძლებლობა და მოლაპარაკება ყველა მხარესთან მოხდეს“.
IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ ზაპოროჟიეში ჩასვლისას დაბეჯითებით განაცხადა, რომ მისიის უსაფრთხოდ შესრულება შესაძლებელია. ქალაქ ენერგოდარის ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრ ვოლგამ განაცხადა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე უკრაინული დესანტი გადმოსხეს, მიმდინარეობს სროლა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან. ბლოკების მიხედვით ეს ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ატომური ელექტროსადგურია. მარტიდან სადგურს რუსი სამხედროები იცავენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ეს აუცილებელია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
რუსული მხარის ცნობით, უკრაინული ქვედანაყოფები აგრძელებენ ენერგოდარის, მიმდებარე სოფლების და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვას.