ხანძარი ბორჯომის ხეობაში - მაშველები მხრჩოლავი კერების ქრობას განაგრძობენ

კვირის ბოლომდე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი და 40 გრადუსი სიცხე, აცხადებენ სინოპტიკოსები.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება, ამჟამად მაშველები მხრჩოლავ კერებს აქრობენ, აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მე-12 დღეა გრძელდება. მეხანძრეები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
საქმეს ართულებს რელიეფი, რადგან, ავიაციის გარდა, ხანძრის სრულად ჩასაქრობად აუცილებელია კერების ხელით დამუშავება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ აკონკრეტებენ, მონაწილეობენ თუ არა ქრობაში ვერტმფრენები და რამდენი ეკიპაჟი რჩება ადგილზე.
ქართველი სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე უნალექო ამინდი და 40 გრადუსიანი სიცხეა მოსალოდნელი.
ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა.
უწყების ინფორმაციით, უკვე დაიწვა 150 ჰექტარი ტყე. ხანძრის მიზეზად ადამიანის დაუდევრობა სახელდება.