თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორი 5 ათას ლარიან გირაოს მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სამხარაძეს გირაოს თანხად 3 ათასი ლარი განუსაზღვრა.
ბრალდების მხარის განმარტებით, მუხლი, რომლითაც სამხარაძეს ედავებიან, ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და მკაცრი სასჯელის შიშით შესაძლოა ბრალდებული დაემალოს ან ხელი შეუშალოს გამოძიებას.
თავის მხრივ, სამხარაძის ადვოკატი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა.
რაც შეეხება სამხარაძეს, იგი ბრალს არ აღიარებს და განმარტავს, რომ სამსახურებრივი იარაღის ჩაბარებისას ვაზნების დაბრუნება დაავიწყდა.
ალექსანდრე სამხარაძეს ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლით წაუყენეს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს.
თავად სოსო გოგაშვილი 16 ივლისიდან პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და მასალები უკვე გააცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.