პესკოვის ქალიშვილი თაღლითების მსხვერპლი გახდა

Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის ქალიშვილი სატელეფონო თაღლითობის მსხვერპლი გახდა, რის შესახებაც პესკოვმა თავად ისაუბრა მოსკოვში მიმდინარე მარათონზე „ცოდნა. ძალა“.
პესკოვის თქმით, თაღლითები შესანიშნავად ფლობენ დარწმუნების ხელოვნებას, რის გამოც საერთოდ არ გასჭირვებიათ ისეთი განათლებული ადამიანის მოტყუება, როგორიც მისი ქალიშვილი ელიზავეტა პესკოვაა.

„ამ ხალხმა იცის დაარწმუნება. ესეც ნიჭია. ეს არის ნიჭი, რომელსაც იყენებენ არა კარგი მიზნებისთვის, არამედ დანაშაულისთვის. სამწუხაროდ, ამ ნიჭს ისინი აბსოლუტურად ფილიგრანულად ფლობენ. ჩემი ქალიშვილი შარშან მოატყუეს. როგორც ის ამბობს, ეს ჰიპნოზს ჰგავდა, ვერც კი მიხვდა, როგორ დაიწყო თავისი PIN-ების დასახელება. და წაიღეს კიდეც ფული მისი ორი ბარათიდან“, — თქვა პესკოვმა.

როგორც კრემლის პრეს-მდივანმა აღნიშნა, მაშინ ბანკების უსაფრთხოების სამსახურებმა კარგი რეაქცია გამოავლინეს და მთელი თანხის დაბრუნებაც შეძლეს, თუმცა დააკავეს თუ არა „ეს ცუდი, ნიჭიერი ხალხი“, არ იცის.
აღსანიშნავია, რომ ელიზავეტა პესკოვა უკვე დიდი ხანია პარიზში ცხოვრობს და საკუთარ თავს „მსოფლიოს მოქალაქეს“ უწოდებს. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა, რითაც პესკოვა ძალიან გაკვირვებულია. მისი თქმით, უცნაურია სანქციების დაწესება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მხოლოდ 24 წლისაა და „არაფერი აქვს საერთო არსებულ სიტუაციასთან“.