თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სომხეთის ელჩთან რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
გასულ კვირაში სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუბენ სადოიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. კიდევ ერთი ბრძანებით ელჩად დაინიშნა აშოტ სმბატიანი, რომელიც წარსულში ელჩი იყო გერმანიაში.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
„განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს და ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომეხ დიპლომატს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ეროვნული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან რუბენ სადოიანი საქართველოში ელჩი 2017 წლიდან იყო. მისი შეცვლის გადაწყვეტილება სადოიანის დიპლომატიური მისიის ვადის დამთავრებას უკავშირდება.
სმბატიანი გერმანიაში ელჩად 2015 წელს დაინიშნა. ის 2018 წელს შეთავსებით ლიხტენშტეინის ელჩიც გახდა. სმბატიანმა დაამთავრა დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი, იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ასპირანტი.