1 სექტემბრიდან კრწანისის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. კრწანისის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 1 სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება. პირველ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმართულებით ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს.
რაც შეეხება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას, სატრანსპორტო საშუალებები წინანაურის, ორთაჭალის, მელქაძისა და კალანდაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ, ხოლო კალანდაძის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ როგორც კრწანისის, ისე გულუას მოედნის მიმართულებით.
სარემონტო სამუშაოების პერიოდში ასევე შეიცვლება №331 ავტობუსის მარშრუტი.