თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს ოფიციალურად სთხოვოს კონგრესს, დაამტკიცოს ტაივანისთვის დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვა, რაც ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებსა და ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებს მოიცავს, იტყობინება Politico სამ წყაროზე დაყრდნობით, „რომლებიც უშუალოდ იცნობენ პაკეტს“.
სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება რეგიონში ჩინეთის მასიური, უპრეცედენტო სამხედრო წვრთნების ფონზე მიიღო, რომელიც ტაივანზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო.
გამოცემის წყაროების თქმით, პაკეტი, რომელიც ამ დროისათვის ჯერ კიდევ მუშავდება, მოიცავს 60 რაკეტა AGM-84L Harpoon Block II-ს (355 მლნ დოლარი), ჰაერი-ჰაერი კლასის 100 ტაქტიკურ რაკეტა AIM-9X Block II Sidewinder-ს (85,6 მლნ დოლარი), ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემას (655,4 მლნ დოლარი).
სააგენტოს ვარაუდით, ამერიკელი კანონმდებლები, დიდი ალბათობით, დაამტკიცებენ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვას, თუმცა პროცესი შესაძლოა დროში გაიწელოს კონგრესში არდადეგების გამო.
აღინიშნება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უარი თქვა ამ თემის კომენტარზე.
წყარო: Politico