თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩებთან დაკავშირებით 1, 3 და 6 სექტემბერს უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის სქემა შეიცვლება, იუწყება დედაქალაქის მერია.
1 სექტემბერს 11:00-დან 2 სექტემბრის 00:00 საათამდე, 3 სექტემბრის 11:00-დან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე და 6 სექტემბრის 11:00-დან 7 სექტემბრის 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით.
ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.
ავტომობილების მძღოლები პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეძლებენ ყაზბეგის გამზირის, ქავთარაძისა და თამარაშვილის ქუჩების საშუალებით. უნივერსიტეტის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
მერიის ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ის დადგენილი სქემით იმოძრავებს.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები 1 სექტემბერს „ევრობასკეტზე“ პირველ შეხვედრაში ბელგიას დაუპირისპირდება.
წყარო - თბილისის მერია