თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკული ბირჟა არა 2022 წლის 1 სექტემბერს, როგორც იყო დაგეგმილი, არამედ 2023 წლის 31 მარტს ამოქმედდება.
შესაბამისი ცვლილებები შევიდა მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილებაში „ელექტროენერგეტიკული ბაზრის კონცეფციის მოდელის დამტკიცების შესახებ“.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობით საქართველოში 2022 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა სამჯერ გადაიდო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბირჟის ამოქმედება 2021 წლის 1 ივლისიდან, მაგრამ ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის. ბირჟის გახსნა 2022 წლის 1 იანვრისთვის, შემდეგ კი 1 მარტისთვის გადაიდო.
ამ მომენტისთვის ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) მონაცემებით, ენერგიის ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ყველა ტექნიკური რესურსი მზადაა.
„სისტემა ბაზრის გახსნისთვის, შესაძლოა ითქვას, მზად არის, თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარე რისკებს, რომელიც არსებობს და რომელზეც რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა. საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს და ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ტექნიკურად სისტემა მზად არის“, – განაცხადა GNERC-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
ადრე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ასამოქმედებლად ახლა, რუსეთ-უკრაინული მოვლენების ფონზე, საუკეთესო დრო არ არის. მისი თქმით, ენერგომატარებლებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა და შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როგორ შეიცვლება ეს ფასები მომავალში, ამიტომ ამ პირობებში ელექტრონერგიაზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება მომატებული რისკების შემცველია.
ახალი ბირჟა - ახალი შესაძლებლობები
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრების დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.
სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.
საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.