ღირს თუ არა მარილის შემცვლელების გამოყენება: რას ამბობენ მეცნიერები?

Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. სუფრის მარილის შემცვლელები ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს, რაც სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მთელ მსოფლიოში, აცხადებენ მეცნიერები კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში BMJ Heart.
მეცნიერთა აზრით, დღეისათვის მსოფლიოში დაახლოებით 1,28 მილიარდ ადამიანს აწუხებს მაღალი წნევა, თუმცა მათმა ნახევარმა არც კი იცის, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
კვლევებმა აჩვენა, რომ მარილის შემცვლელები, რომლებშიც კალიუმის ქლორიდია (KCl) გამოყენებული ნატრიუმის ქლორიდის (NaCl) ნაცვლად, ხელს უწყობენ არტერიული წნევის შემცირებას.
მკვლევარებმა 21 კლინიკური კვლევა გააანალიზეს, რომელშიც თითქმის 30.000 ადამიანი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. კვლევების დროს მონაწილეებს სთხოვდნენ, უარი ეთქვათ სუფრის მარილზე და მის ნაცვლად კალიუმის ქლორიდიანი შემცვლელი გამოეყენებინათ.
ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამგვარმა ჩანაცვლებამ სისტოლური და დიასტოლური (ზედა და ქვედა) არტერიული წნევის დაქვეითება გამოიწვია 4,61 მმ Hg-ით და 1,61 მმ Hg-ით (შესაბამისად).
ეს კანონზომიერება შეინიშნებოდა კვლევის მონაწილეთა სქესის, ასაკისა და საცხოვრებელი რეგიონის მიუხედავად. რაც მთავარია, მეცნიერებს სუფრის მარილის შემცვლელების გამოყენების შედეგად არანაირი ზიანი არ გამოუვლენიათ. პირიქით, ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ სუფრის მარილის მაგივრად მისი შემცვლელის გამოყენება ნაადრევი სიკვდილის რისკს 11%-ით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 13%-ით, ხოლო ინსულტის რისკს 11%-ით ამცირებს.
წყარო: BMJ Heart