ღარიბაშვილი: მინდა თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო

Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მეზობელ თურქეთსა და პრეზიდენტ ერდოღანს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ჩართვისა და ოპერატიული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ბორჯომის ხეობაში ვითარება სტაბილურია – ამ დროისათვის ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება.

„მინდა ჩვენი ქვეყნის მეგობარ სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკას და პირადად პრეზიდენტ ერდოღანს მადლობა გადავუხადო. როგორც კი მას გადასცეს ჩვენი თხოვნა დახმარების თაობაზე, მან იმავე წამს დავალება გასცა და სულ რაღაც ერთ საათში სამი თვითმფრინავი გამოიგზავნა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ამ დახმარებას არ დავივიწყებთ“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

ღარიბაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ხანძრებთან ბრძოლაში ჩართულ სამსახურებს და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს.
„მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტიანად მართა ეს კრიზისი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარს, პოლიციას, სახანძრო-სამაშველო სამსახურს, სატყეო სააგენტოს, ინფრასტრუქტურას – ყველას, ვინც ამ ძალიან მძიმე პროცესში იყო ჩართული“, – განაცხადა პრემიერმა.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.