მსოფლიო დღეს

ბორელი: რუსებისთვის შენგენის ვიზების სრულ აკრძალვას ევროკავშირი მხარს არ დაუჭერს

Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზების გაცემის სრული აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნების ერთსულოვან მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მიაჩნია ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს ჟოზეპ ბორელს.
მისი თქმით, ვიზების გაცემისას შერჩევითი მიდგომა უნდა იყოს გამოყენებული.

„ჩემი აზრით, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სრული აკრძალვა ნებისმიერი მიზეზით – საუკეთესო იდეა არ არის. არ მგონია, რომ რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობასთან ურთიერთობების გაწყვეტამ საქმეს უშველოს. და არ მგონია, რომ ეს იდეა ერთხმად მიიღებს მხარდაჭერას“, — აღნიშნა ბორელმა.

ამასთან ბორელი მართებულად მიიჩნევს ვიზების გაცემისას შერჩევითი მიდგომის დანერგვას. მისი თქმით, აუცილებელია „გადაიხედოს ზოგიერთი რუსისთვის ვიზების გაცემის საკითხი“, კერძოდ, ვიზები არ უნდა გაიცეს ოლიგარქებზე.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმთა მინისტრები იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 30 აგვისტოს პრაღაში შეიკრიბებიან არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხისადმი ერთიან მიდგომაზე იმსჯელებენ. ევროკავშირის ზოგი წამყვანი ქვეყანა, კერძოდ გერმანია, ჯერ კიდევ ფრთხილად განიხილავს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვის შესაძლებლობას. ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ასეთი ღონისძიება შეიძლება იქცეს იმის დასტურად, რომ ევროკავშირის სანქციები მიმართულია არა რუსეთის ხელმძღვანელობის, არამედ მთელი ქვეყნისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეჩერება მისთვის ძნელი წარმოსადგენია. მისი თქმით, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელია რუსეთის ხელმძღვანელობა და არა რიგითი მოქალაქეები.
წყარო: ORF