თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რასაც 74 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალი, რომელიც ბინაში ქირით ცხოვრობდა, სარეცხს ფენდა, სავარაუდოდ მიეყრდნო მოაჯირს, რომელიც ჩამოინგრა და ქალი გადავარდა. ის ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ქალი კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
თუ რამ გამოიწვია ნგრევა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო.
მეზობლების ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია, მას რეაბილიტაცია სჭირდება, თბილისის მერიამ რემონტისთვის თანხის ნაწილი გამოყო, დანარჩენი თანხა კი მეზობლებს უნდა გადაეხადათ. თუმცა ბინის მეპატრონემ თანხის გადახდაზე უარი თქვა. ბინის მეპატრონემ ადგილობრივების ბრალდებები უარყო.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.