თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაციისთვის - ეროვნულ სასწავლო გეგმაში ორენოვანი მიდგომის დანერგვა ვითარდება, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ავსტრიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ პარტნიორობით ჩატარდა, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განიხილეს ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის საკითხები და განათლების სამინისტროს ახალი პროექტები.
„ვითარდება ორენოვანი ადამიანური კაპიტალი, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვური მიდგომით დანერგვის პროცესში ადგილობრივი ორენოვანი და დამხმარე მასწავლებლების ჩართვას გულისხმობს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსის შექმნის პროცესიც. სამინისტრო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფს სასწავლო რესურსებისა და გრიფირებული სახელმძღვანელოების თარგმნას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზეც, რაც სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მისი თქმით, საქართველოში დაიწყო 800 სკოლის მშენებლობისა და აღდგენის მასშტაბური პროექტი, რომლის ღირებულება 1 მლრდ ლარს შეადგენს.
პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.
შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.