თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. დიდუბეში, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება „პირველი არხი“.
ცეცხლი „გორგიას“ ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაში გაჩნდა, სადაც სამშენებლო მასალები და აალებადი ნივთიერებები ინახებოდა. არსებობდა ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე, თუმცა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
„გორგიას“ თანამშრომლის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 300-400 კვ მ ფართობი.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ექვსი მეხანძრე-მაშველი ბრიგადა იყო ჩართული. მედიის ცნობით, „გორგიას“ თანამშრომლები ხანძრის მიზეზად ძირს დაგდებულ სიგარეტის ნამწვს ასახელებენ.
თბილისში დღეს ერთბაშად რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ავჭალაში და სამგორში ხანძრები ლოკალიზებულია, შავნაბადას ტყეში კი მეხანძრეები ცეცხლს ამ დრომდე ებრძვიან, კერებმა რუსთავი-თბილისის მაგისტრალს მიაღწია. დღის საათებში სამუშაოებში იყო ჩართული ავიაცია, მაგრამ ღამის საათებში ცუდი ხილვადობის პირობებში ვერტმფრენებმა და თურქეთის თვითმფრინავმა მუშაობა შეაჩერა.
წყარო - „პირველი არხი“.