რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება 2022 წელს

წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 691 მოქალაქეს გაუუქმდა.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 4 აგვისტომდე საქართველოს ხელისუფლებას ბინადრობის ნებართვის მისაღებად მიმართა რუსეთის 2,8 ათასმა მოქალაქემ, მათგან დაახლოებით 2 ათასმა მიიღო დადებითი პასუხი, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული იუსტიციის სამინისტროს მასალებში, რომელიც სადეპუტატო კითხვაზე საპასუხოდ გამოქვეყნდა.
იუსტიციის სამინისტროს კითხვით მიმართა ოპოზიციური პარტია „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.
იუსტიციის სამინისტროს ბინადრობის უფლების მისაღებად რუსეთის 2.824-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც აღნიშნული პერიოდისთვის 475 განაცხადზე უარი იყო გაცემული, 1.988-ზე - დადებითი პასუხი. დროებითი ბინადრობის უფლება 1.288 ადამიანს, მუდმივი ბინადრობის უფლება კი 690 ადამიანს მიენიჭა. დანარჩენი განცხადებები განხილვის რეჟიმში იმყოფებოდა.
ბინადრობის მოწმობა გაუუქმდა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ჩამოსულ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე 691 პირს, ზემოაღნიშნული პირებისთვის ბინადრობის მოწმობის გაუქმების საფუძველი დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლა გახდა.
ტურისტები თბილისში
2022 წლის 1 იანვრიდან 4 აგვისტოს ჩათვლით რეგისტრირებული საზოგადოებების რაოდენობა, რომელთა კაპიტალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რეგისტრირებულია წილის მესაკუთრის სახით, შეადგენს 601-ს.
ბინადრობის უფლება - დოკუმენტია, რომელიც უცხოელს ვიზის მოქმედების ვადის მიუხედავად საქართველოში შეუფერხებლად ყოფნის და თავისთან სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას ანიჭებს.
საქართველოში გაიცემა ათი ტიპის ბინადრობის უფლება: შრომითი, სასწავლო, საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, სპეციალური, მუდმივი, საინვესტიციო, დროებითი და მოკლევადიანი.
ბინადრობის თითოეული ტიპისთვის განსხვავებული დოკუმენტების ჩამონათვალი არსებობს.