თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ირში საზარელ ავარიას ანსამბლ „ძირიანის“ წევრი ნიკა გაგნიძე და მისი ძმა თორნიკე ემსხვერპლა, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ანსამბლი „დიდგორი“, რომელიც ანსამბლ „ძირიანთან“ თანამშრომლობდა.
ანსამბლ „დიდგორმა“ ახალგაზრდების გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.
„თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული. ვუსამძიმრებთ ოჯახს, „ძირიანს“, რაჭას და სრულიად საქართველოს“,- წერია სამძიმრის წერილში.
ახალი ამბების პორტალ „მთის ამბების“ ინფორმაციით, წუხელ ღამით ახალგაზრდები ირიდან ონში მიდიოდნენ, რა დროსაც ავტომობილით ხევში გადავარდნენ. ძმების გარდა, ავტომობილში მათი ბიძაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც დაშავდა. მომხდარის შესახებ „112“-ს მან დღეს დილით შეატყობინა, მას შემდეგ, რაც გონზე მოვიდა. მისი გადმოცემით, ავარია 4-5 საათის წინ იყო მომხდარი. შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლისას ნიკა და თორნიკე გაგნიძეები გარდაცვლილები იყვნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
„ძირიანი“ ფოლკლორული და ეთნოგრაფიული ჯგუფია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. მისი ყველა მონაწილე რაჭიდანაა.
ანსამბლის შემოქმედება მივიწყებული რაჭული ფოლკლორის აღორძინებასა და პოპულარიზაციას ეძღვნება. „ძირიანის“ რეპერტუარი შედგენილია ფოლკლორული ექსპედიციების დროს მოპოვებული ძველი საარქივო ჩანაწერებისა და მასალების შესწავლის შედეგად.