კულტურის სამინისტრო: ბორჯომში უნიკალური ფრესკები არ დაზიანებულა

სტიქიის ადგილზე იმყოფება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე ახორციელებს მონიტორინგს, აცხადებენ სამინისტროში
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის ხეობაში შუა საუკუნეებში აგებული კვირიკეწმინდის ტაძარი ხანძრის დროს არ დაზიანებულა, იუწყება კულტურის სამინისტრო.
უწყება ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ტაძარში არსებული მე-10 საუკუნით დათარიღებული კედლის მხატვრობა განადგურდა.
„ძეგლის შიგნით და მის გარშემო არ შეცვლილა ხანძრამდე არსებული მდგომარეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის ცეცხლის კერები; დროდადრო აღინიშნება მხოლოდ დაკვამლიანება“, - განაცხადეს კულტურის სამინისტროში.
როგორც აღინიშნა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე იმყოფება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე სწავლობს ვითარებას და ახორციელებს მონიტორინგს.
სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო უწყებები ატარებენ ყველა შესაბამის ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სტიქიით მიყენებული ზიანი და თავიდან იქნეს აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ სტრატეგიული ობიექტების დაზიანება.
უწყება მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
კვირიკეწმინდის სამონასტრო კომპლექსის ნაწილობრივ დანგრეული ტაძარი, იგივე საკვირიკე, წარმადგენს ბაზილიკას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევთან მდებარეობს. სწორედ ამ ტერიტორიაზე გაჩნდა ფართომასშტაბიანი ხანძარი 19 აგვისტოს. ძლიერი ქარის და რთული რელიეფის გამო ხანძრის სრული ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ცოცხალ ძალასთან ერთად სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის სამი სახანძრო თვითმფრინავი.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი 180 ჰექტარის ფართობზე გავრცელდა.