გურიაში აზიურ ფაროსანას ებრძვიან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სპეცტექნიკით უკვე დამუშავებულია 540 ჰა ტერიტორია.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. გურიაში ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სპეცტექნიკითა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს სოფლის გარე პერიმეტრების დამუშავება. უკვე დამუშავებულია 540 ჰა ტერიტორია.
„მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან აქტიური თანამშრომლობითა და კოორდინაციით ტარდება“, – აღნიშნავენ უწყებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში, დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე parosana.ge, რათა 24 საათით ადრე მიიღოს ინფორმაცია დაგეგმილი წამლობის შესახებ.
საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად შეაფასეს>>
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები ყოველ წელს გრძელდება.