მსოფლიო დღეს

ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბომეტრზე 3400 დოლარს გადააჭარბა

Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ლონდონის ბირჟა ICE-ს მონაცემებით, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასებმა პარასკევს, პირველად მარტის შემდეგ, 3.400 დოლარს გადააჭარბა ათას კუბურ მეტრზე.
ვაჭრობის დასაწყისში უახლოესი ფიუჩერსების ფასი ათას კუბომეტრზე 3.213,2 დოლარი იყო, თუმცა 18:04 საათისთვის (თბილისის დროით) ფასებმა 4,8%-ით დაიწყო ზრდა და ათას კუბურ მეტრზე 3.448,4 დოლარს მიაღწია.
კოტირებების დინამიკა წინა დღის ფასს — 3.290,2 დოლარს ეფუძნება, რაც რეკორდული გახდა ევროპაში გაზის ჰაბების ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში, ანუ 1996 წლიდან.
მარტის დასაწყისში ევროპაში გაზის ფასებმა, რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის შიშის გამო, ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში განაახლა ისტორიული მაჩვენებლები. საფასო რეკორდი 7 მარტს დამყარდა, როდესაც ბუნებრივი აირის ღირებულებამ ათას კუბომეტრზე 3.892 დოლარი შეადგინა.
ევროპის გაზის ბაზრებზე ფასების ბოლო მატება გამოწვეულია გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული გაურკვევლობით. მანამდე „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ სამი დღით — 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაჩერდება, ვინაიდან საკომპრესორო სადგურ „პორტოვაიაზე“ ერთადერთი მუშა გაზსატუმბი აგრეგატის შეკეთება იგეგმება. ამ განცხადების შემდეგ სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტები გაზის მიწოდებაზე თითქმის 8%-ით გაიზარდა.