სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანა აღკვეთეს

გამოვლენილი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 45.833,08 ლარს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა გამშვებ პუნქტ „სარფში" განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არადეკლარირებული 515,66 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები საბაჟო-გამშვებ პუნქტში მებაჟეებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 45.833,08 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.