თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თბილისში ნიდერლანდის წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო. ექიმები აცხადებენ, რომ მან მხარი მოიტეხა და აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლების აზრით, კალათბურთელს აღდგენისთვის ნახევარი წლიდან ერთ წლამდე დრო დასჭირდება. დეტალები ოპერაციის შემდეგ გახდება ცნობილი. შენგელია ტრავმის მიღებისთანავე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
მოტეხილობის გამო საქართველოს ნაკრების ლიდერი გუნდს ევრობასკეტი-2022-ის მატჩებში ვერ დაეხმარება.
„შენგელიას დაკარგვა ჩვენთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ წინსვლა უნდა განვაგრძოთ, ასეთია ცხოვრება“, – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.
საქართველოს ნაკრებმა გუშინ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ზუროსის გუნდმა ნიდერლანდის ნაკრებს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში უმასპინძლა და მეტოქე 77:66 დაამარცხა.