თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. რთველის პერიოდში ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ 150 ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებული ახალგაზრდების ანაზღაურება თვეში 950 ლარამდე იქნება.
ოპერატორის პოზიციაზე დასასაქმებლად ახალგაზრდები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული გასაუბრების შედეგად შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა ჩაუტარეს რთველის საკოორდინაციო შტაბში.
„დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს“, – აღნიშნავენ უწყებაში.
რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.