რა აბედნიერებს მდიდრებს და რა - ღარიბებს: მეცნიერული კვლევა

Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შეძლებულ ადამიანებს მეტ პოზიტიურ ემოციებს საკუთარი თავით კმაყოფილება ჰგვრის, ხოლო ნაკლებად შეძლებულებს — სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ნათქვამია კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში, რომელიც ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ გამოაქვეყნა (American Psychological Association).
კვლევაში 1519-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მეცნიერებმა პირველ რიგში რესპონდენტების შემოსავლების რაოდენობა დაადგინეს, შემდეგ კი გამოიკითხეს, რამდენად ძლიერად განიცდიდნენ ემოციებს, რომლებიც, მათი აზრით, ბედნიერებასთან იყო დაკავშირებული: სიყვარულს, სიხარულს, თანაგრძნობას, სიამაყეს, ენთუზიაზმს, თაყვანისცემას, კმაყოფილებას.
სწავლულებმა ამისათვის რესპონდენტებს სთხოვეს შეეფასებინათ, რამდენად ეთანხმებოდნენ იმგვარ მტკიცებულებას, როგორიცაა, ვთქვათ, „სხვა ადამიანებზე ზრუნვა თბილი გრძნობებით მავსებს“.
გაირკვა, რომ დიდი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის დადებითი ემოციების ძირითადი წყარო საკუთარი თავით სიამაყე და კმაყოფილებაა. ისინი მაღალ შეფასებას აძლევდნენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „კმაყოფილებას მგვრის სხვა ადამიანების მხრიდან ჩემდამი გამოხატული პატივისცემა“. ნაკლებად მდიდარი ადამინებისთვის კი ბედნიერების წყარო სიყვარული და თანაგრძნობა გამოდგა.

„ეს კვლევა ამტკიცებს, რომ ფული არ არის ბედნიერების გარანტია, მაგრამ უნარი აქვს გავლენა მოახდინოს მის გამოვლინებაზე“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი პოლ პიფი.

მანამდე ამერიკელი ნეირობიოლოგი მორან სერფი აცხადებდა, რომ ბედნიერების შეგრძნება ადამიანის გარემოცვაზეა დამოკიდებული და არაფერი აქვს საერთო მატერიალურ მდგომარეობასთან, პირად ფილოსოფიასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან.