მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას

წელს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილე აღინიშნება.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს ბანკის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც თბილისში გაიმართა. ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსსა და მსოფლიო ბანკის პროგრამების ახალ ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინს შეხვდა.
ფინანსთა მინისტრმა სებასტიან მოლინეუსს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გამო, ასევე იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს ქვეყანას მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში.
წელს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილე აღინიშნება. მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში, ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ითვლება ლიდერ პარტნიორად ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად შეღავათიანი კრედიტისა და სესხის სახით 4,3 მილიარდამდე დოლარი გამოყო.