თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. თელავში დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს რთველის საკოორდინაციო შტაბი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, შტაბი კოორდინაციას გაუწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს. ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება, რომელიც 2013 წლიდან დაინერგა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ შტაბის გახნისას აღნიშნა, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„წელს ველოდებით 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიულ გადამუშავებას. სახელმწიფომ ყველა წინაპირობა შექმნა, რომ რთველი იყოს წარმატებული და მოსავალი სრულად და ორგანიზებულად დაბინავდეს. დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობის მიერ მიღებულია რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება“, – განაცხადა მინისტრმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც 2022 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს. ღვინის კომპანიებზე სუბსიდია 1 კგ-ზე 0,35 ლარი გაიცემა. მოსავლის დაბინავებაში წელს 300-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული.
რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" 15-01 შეუძლია.
ხელისუფლებამ გასულ წელსაც გამოყო სუბსიდია „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენზე, რისთვისაც 210 მლნ ლარი დაიხარჯა. 2021 წელს ქვეყანაში 240 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანამ 2021 წელს ექსპორტზე 62 ქვეყანაში გაიტანა 107 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 2020 წლის მონაცემებზე 16%-ით მეტია. ეს მაჩვენებლები ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში რეკორდულია.
ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი კვლავ რუსეთს ერგო, სადაც ექსპორტირებული იყო 62 მლნ ბოთლი, რაც მთელი ექსპორტის 57%-ია.