საქართველოში ორ კომპანიას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიენიჭა

ეს სტატუსი ბიზნეს-წრეებში საიმედო საქმიანი პარტნიორის წოდებას უზრუნველყოფს.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველოში რეგისტრირებულ ორ კომპანიას პირველად მიენიჭა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსი, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
ახალი სტატუსი კომპანიებს სთავაზობს გამარტივებულ და პრიორიტეტულ საბაჟო შესაძლებლობებს, ასევე უზრუნველყოფს საიმედო საქმიანი პარტნიორის წოდებას ბიზნეს-წრეებში.
საუბარია კომპანიებზე: „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“ და შპს ,,ჰავი ლოჯისტიკსი“. AEO-ს სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ გადასცა.
საქართველოში ორ კომპანიას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიენიჭა
ამიერიდან ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება.
უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება.
ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.